კოჯორი

კოჯორი საშუალო მთის კლიმატური კურორტია. კოჯრის საკურორტო ზონას განაპირობებს მთის ჰაერი, ზომიერად ცხელი ზაფხული, ზომიერი ქარები და სინოტივე, ფოთლოვანი და ნაწილობრივ წიწვოვანი ტყისა და სურნელოვანი ბალახით დაფარული მდელოების მორიგეობა. აღნიშნული კლიმატი ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო ტონუსის აღდგენას და დაავადებების მიმართ წინააღმდეგობის უნარის გაძლიერებას. ის ასევე შესანიშნავ წინაპირობას ქმნის აეროთერაპიისთვის.

კოჯორი ისტორიულადაც საინტერესო ადგილია. მის მიდამოებში აღმართული აგარათა ციხე (კოჯრის ციხე) XI საუკუნით თარიღდება. მას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ფეოდალური საქართველოსათვის, რადგან კვეთდა სომხით-საბრათიანოდან თბილისში მიმავალ ერთადერთ გზას. კოჯორში ასევე მდებარეობს შუა საუკუნეების ერთ-ერთი ძეგლი - უძოს მონასტერი, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.

საუკუნეების განმავლობაში, განსაკუთრებული კლიმატისა და ულამაზესი ხედების წყალობით, კოჯორი მეფეებისა და არისტოკრატების საზაფხულო რეზიდენცია გახლდათ. ცნობილია, რომ აქ ხშირად ისვენებდნენ იმუნიტეტის გაძლიერებისთვის და სასუნთქი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ.